რუსუდან შავიშვილი: საქართველოში სკრინინგული პროგრამები უფასოა და იძლევა შესაძლებლობას, ამ დაავადების სრულად დამარცხებამდე და გამარჯვებამდე მივიდეთ

01 ოქტ 2026

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ, ე.წ. „ვარდისფერ ოქტომბრად“ არის ცნობილი.

კამპანიის ფარგლებში დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგში ჩართვის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ახალი დილა“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა ისაუბრა.

როგორც რუსუდან შავიშვილი განმარტავს, სკრინინგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, რაც მკურნალობის დროულად დაწყებისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოში სკრინინგული პროგრამები უფასოა და ძუძუს კიბოს სკრინინგიც სრულად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

„სკრინინგი არის ფარულ სტადიაზე დაავადებათა გამოვლენის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც შეიძლება ამ დაავადების სრულად დამარცხება და გამარჯვებამდე მისვლა. საქართველოში სკრინინგული პროგრამები უფასო გახლავთ, მათ შორის ძუძუს კიბოს სკრინინგიც უფასოა და თანხა იფარება მთლიანად სახელმწიფოს მიერ. ყველა გამოვლენილი საეჭვო შემთხვევის შემდეგ უკვე დიაგნოსტიკური კვლევები, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ჩართვა და ასე შემდეგ, ეს უკვე ჯანმრთელობის სისტემის პრეროგატივაა“, - აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის არის გათვალისწინებული. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისთვის კი ასაკობრივი ჯგუფი მუნიციპალური პროგრამით ფართოვდება.

ამასთან, აღნიშნავს, რომ სკრინინგის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მობილური ჯგუფები საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან და რთულად მისადგომ ადგილებშიც მუშაობენ.

„იქ, სადაც თვითონ ვერ ჩამოდიან, მათთან მიდიან. იქ არის ჩართული სოფლის ექიმი, ექთანი, მუნიციპალური სამსახურები. კომპლექსური მიდგომაა და არსებობს გრაფიკი, "მამომობილი", რომელიც ასრულებს ადგილზე მამოგრაფიას“, - განმარტავს შავიშვილი.

მობილური ჯგუფების მუშაობა მხოლოდ ძუძუს კიბოს სკრინინგით არ შემოიფარგლება და საჭიროების შემთხვევაში სხვა სკრინინგული კვლევებიც ტარდება. რუსუდან შავიშვილის თქმით, პროგრამების მიზანია, სერვისები მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს და იმ ადამიანებამდე მივიდეს, რომლებსაც კვლევებზე მისვლა დამოუკიდებლად უჭირთ.