ნეთანიაჰუ FlyDubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე: ერთი პილოტი დაკავებულია, ამჟამად მას საუდის არაბეთის ხელისუფლება კითხავს

30 სექ 2026

FlyDubai-ს ხომალდზე მომხდარ ინციდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სპეციალური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და მომხდარს "უსაფრთხოების უმძიმესი ინციდენტი" უწოდა.

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ის უკვე ესაუბრა ბორტზე მყოფ ერთ-ერთ ისრაელელ მგზავრს, რომელმაც მომხდარის დეტალები გაუზიარა.

"ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტს დანით ჭრილობა მიაყენა. როგორც ჩანს, ის თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა.მგზავრმა ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად პილოტების კაბინაში შეღწევა შეძლო. მათ ერთობლივად გააუვნებელყვეს თავდამსხმელი პილოტი, რომელიც თვითმფრინავის სისტემების გათიშვას ცდილობდა. კაბინაში ეკიპაჟის სხვა წევრებიც შევიდნენ და ხომალდის სტაბილიზაცია შეძლეს," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

"ამჟამად მას საუდის არაბეთის ხელისუფლება კითხავს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველვყოთ მგზავრების უსაფრთხოება და მათი შინ სწრაფად დაბრუნება. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურებს დავავალე, მზადყოფნაში იყვნენ შესაძლო დამატებითი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“, - დასძინა მან.

დღეს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენისას თვითმფრინავმა ჯერ საერთაშორისო საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც ხომალდის გატაცებას ან მასზე უკანონო ჩარევას ნიშნავს. კურსის შეცვლის შემდეგ თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.