30 სექ 2026
ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 25 საკითხი განიხილეს. მათ შორის, რამდენიმე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი სამშენებლო სტატუსით შეეცვალა, რადგან ამ ადგილებზე არსებული წვენებისა და თხილის ქარხნების ადგილმონაცვლეობაა დაგეგმილი.
ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ფასებს მუნიციპალიტეტის ნაცვლად ექსპერტიზის ბიურო განსაზღვრავს, რის საფუძველზეც ზოგიერთი მათგანის ფასი მცირედით შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა აჭარის მთავრობას გადასცა ის ქონება, რომელშიც ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ცხოვრობენ. მათი დაკანონების მიზნით, დეპუტატებმა დღეს მსგავსი ორი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომაზე ცნობად მიიღეს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში - შესრულების მაჩვენებელი 34 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აგრეთვე განიხილეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.
საკითხების დიდ ნაწილს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ სეფერთელაძემ. ერთ-ერთ მიზეზად მან სამრეწველო ზონის სტატუსის შეცვლა დაასახელა, სადაც სასოფლო-სამეურნეო ქარხნები ფუნქციონირებს. საპასუხოდ მერის მოადგილემ განმარტა, რომ აღნიშნული საწარმოები ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ და მხოლოდ მათი ადგილმონაცვლეობაა გათვალისწინებული.