30 სექ 2026
„იაპონიის მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა“ - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ გადაცემაში „ახალი დილა“ განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის ტურისტული პოტენციალი ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც დელეგაცია იაპონელ ტუროპერატორებს, მედიისა და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ძალიან დიდი დაინტერესება იყო საქართველოს მიმართ იაპონელებისგან. ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ როგორც ჩვენს ტურისტულ პროდუქტებზე, ასევე კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოზე, ღვინოზე. საქართველო არის ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა და მას შეუძლია მთელ მსოფლიოს შესთავაზოს ისეთი განსხვავებული ტურისტული პროდუქტები, რომლებიც დადებით შთაბეჭდილებებს დაუტოვებს ნებისმიერ სტუმარს“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ზოიძის განცხადებით, იაპონია ერთ-ერთი ბაზარია, რომლის ათვისებაზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს. მიზანი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და აჭარის ოთხსეზონიან მიმართულებად ჩამოყალიბებაა.
„აჭარის მთავარი სტრატეგია არის, რომ გახდეს ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ. იაპონია ერთ-ერთი ასეთი ბაზარია, რომელიც ახალია ჩვენთვის. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, ერთი მხრივ, ბაზარზე მეტი ინფორმაცია ადგილზე მიგვეღო, შეგვესწავლა, რა მოსწონთ და რას ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო მეორე მხრივ, გაგვეცნო ყველა საჭირო პარტნიორი“, - აღნიშნა ზოიძემ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია იაპონიაში ეკოტურიზმისა და მთის ტურიზმის განვითარების ადგილობრივ გამოცდილებას, მათ შორის, ჰაკონეს რეგიონის პრაქტიკას გაეცნო. შეხვედრები გაიმართა ტუროპერატორებთან, მედიის წარმომადგენლებსა და დარგობრივ ასოციაციებთან, პროცესში კი საქართველოს საელჩოც იყო ჩართული.
„ჰაკონეს რეგიონში ვიყავით და გავეცანით მათ გამოცდილებას, თუ როგორ ავითარებენ ეკოტურიზმს, მთის ტურიზმს. ეს გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარებისას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინება შეგვიძლია. იაპონიის ბაზარზე საქართველოს მიმართ ინტერესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული სამზარეულოც არის. ერთ-ერთმა ძალიან მსხვილმა ქსელმა იაპონიაში საცდელად გააკეთა შქმერული. როდესაც ეს კერძი დააანონსეს, სულ რაღაც ერთ კვირაში 1 მილიონი პორცია გაიყიდა. ამ წარმატების შემდეგ, დღეს იაპონიაში უკვე არაერთი ასეთი ობიექტი და ქართული რესტორანია, სადაც ქართული კერძებია წარმოდგენილი“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, იაპონიის მსხვილმა ტელევიზიებმა საქართველოს შესახებ სპეციალური სიუჟეტებიც მოამზადეს, ხოლო გასულ წელთან შედარებით, იაპონიიდან ვიზიტორების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. იაპონიის ბაზრის პარალელურად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შემოდგომისა და ზამთრის სეზონებისთვის ემზადება. ზაფხულის სეზონის შედეგებზე, დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, პოზიტიური მოლოდინებია.
„ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონი იყო, როგორც საზღვაო კურორტზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში და შემოდგომისა და ზამთრის პერიოდიც გვექნება ძალიან აქტიური“, - განაცხადა ზოიძემ.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ბათუმში დაგეგმილია კონფერენციები, ფორუმები და სემინარები. დეპარტამენტი ასევე „გამომყევი აჭარაში“ პროექტის შედეგებს შეაჯამებს, გაიმართება ფესტივალი „განდაგანა“, ხოლო საერთაშორისო პლატფორმებზე აჭარის პოპულარიზაცია გაგრძელდება. ზამთრის სეზონისთვის კი მთავარი აქცენტი გოდერძიზე გაკეთდება.