აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გაიყიდა - უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები და სტატისტიკა

30 სექ 2026

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის რეგიონული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ტაბიძემ, გადაცემაში „ახალი დილა“ აჭარაში ზაფხულის სეზონის შედეგები, ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე მაჩვენებლები და სამომავლო მოლოდინები განიხილა. 

ლევან ტაბიძის განცხადებით, ასოციაციის წევრების გამოკითხვით, ბათუმში ზაფხულის სეზონი წარმატებით დაიხურა, დეველოპერების შეფასებით კი, გაყიდვები წინა პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-დან 30 პროცენტამდეა გაზრდილი.

„ჩვენი წევრების გამოკითხვის შედეგად, მოკლედ, საკმაოდ დადებითად და წარმატებით დაიხურა ეს სეზონი. რაც შეეხება კვლევის მონაცემებს, აქ მინდა პატარა ხაზი გავუსვა: ძირითადი მაჩვენებელი გამოწვეული იყო დაგვიანებული რეგისტრაციებით. შარშან, იგივე პერიოდში, მოხდა ორი საკმაოდ მსხვილი პროექტის ბინების დაგვიანებული რეგისტრაცია, რამაც ბაზრის ზომა და მოცულობა გაზარდა. ამიტომ ცოტა რთულია შევადაროთ სტატისტიკურად ამ პერიოდს. რაც შეეხება დეველოპერების პირად გამოკითხვებს, გაყიდვები საკმაოდ გაზრდილია, დაახლოებით 20-დან 30 პროცენტამდე ამბობენ წინა პერიოდთან შედარებით გაყიდვების ზრდას. ძირითადი კლიენტურის ბაზა… სურათი არ არის შეცვლილი, რაც იყო: ისრაელის ბაზარი საკმაოდ აქტიურია ჩვენთან, დსთ-ის ქვეყნები, როგორც იყო, იგივე ნიშნულზე არის დარჩენილი“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

მისივე განმარტებით, მოთხოვნამ აპარტამენტებიდან საცხოვრებელ ბინებზე გადაინაცვლა.

„ბოლო პერიოდში ძირითადი მოთხოვნა, ეგრეთ წოდებული აპარტამენტის ტიპის ბინებიდან, უფრო გადაინაცვლა საცხოვრებელი ბინების კატეგორიაში. ძირითადი პროდუქტი, რაც დღეს ყველაზე კარგად იყიდება ბაზარზე, ეს არის ბინები დაახლოებით 50 კვადრატის ფარგლებში, ცალკე საძინებლით. ყიდულობენ ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები. აქვე, თუ ბიზნესის თვალსაზრისით უყურებთ, ბევრი ინვესტორი დღეს განიხილავს, როგორც გრძელვადიან ქირას ამ ბინებში და არა მოკლევადიანი გაქირავების ნაწილში. თუმცა აქაც, ქირის ფასი დღეს ბაზარზე დიდით არ არის შეცვლილი, დაახლოებით 35-40 დოლარის ფარგლებში დღიური ქირა რჩება. 7-პროცენტიანი ნიშნულია ქირის უკუგებაზე და ეს საკმაოდ დიდი ციფრია მსგავსი ქალაქებისთვის“, - განაცხადა ტაბიძემ.

რაც შეეხება მყიდველთა სტრუქტურას, ლევან ტაბიძე აღნიშნავს, რომ ძირითადი მომხმარებელი კვლავ ადგილობრივი მოსახლეობაა.

„ფასებზე გავლენა უკვე ხდება. ძირითადი ჩვენი მყიდველი მაინც ადგილობრივი მოსახლეობა რჩება. მარტო ბათუმით მოდით არ გავზომავთ ახლა ეს ბაზარი; თბილისში დაახლოებით 70-80 პროცენტი მაინც ქართველები ყიდულობენ ყველაფერს. ბათუმი მაინც, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, საკმაოდ მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისთვის და ძალიან კარგია, რომ ხალხი ჩამოდის, აბანდებს აქ ფულს, იგივე უძრავ ქონებაში. ესენი განიხილავენ ამ უძრავ ქონებას როგორც ბიზნესს და არა როგორც საცხოვრებელ ქონებას“, - აღნიშნავს ლევან ტაბიძე.

უბნების მიხედვით გადანაწილებაზე საუბრისას, მან ახალი ბულვარი და გმირთა ხეივანი გამოყო.

„ყველაზე მაღალი მოთხოვნა მაინც ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიძლება განვიხილოთ - ყველაზე დიდი ციფრები გაყიდვების იქ იდება. შემდეგ მოდის უკვე შარტავა, ანუ გმირთა ხეივანი. ცოტათი შენელებულია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაყიდვები და აი შუა ქალაქი რაც არის, ნუ ეს ალბათ უფრო ბოლო ადგილს იკავებს. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ მშენებლობების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ხდება ზუსტად ახალ ბულვარსა და გმირთა ხეივანში, ნაკლებია ამ უბნებში“, - განაცხადა ტაბიძემ.

ასოციაციის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ბაზარზე შემოსულ ახალ დეველოპერებზე, რეგიონულ განვითარებასა და ფასების სამომავლო ტენდენციაზე.

„კონკრეტულ დეველოპერებს ახლა არ დავასახელებ, თუმცა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში შემოსულმა დეველოპერებმა ცოტა შეცვალეს სტანდარტი - დაწყებული ბინის გეგმარებებიდან, დამთავრებული ალბათ ბინის შეძენის კულტურით. გადახდის უფრო მოქნილი და ხალხზე ორიენტირებული პირობები შექმნეს. რაც შეეხება მოთხოვნას - გონიო-კვარიათი ყველაზე აქტიურად განვითარებადი ბაზარია და საკმაოდ დიდი იმპულსი მისცა Emaar-ის დაანონსებულმა პროექტმა ამას. ფასების კლების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. რასაც ვუყურებთ ამდენი წელია, ფასი ერთი თეთრით არ დაკლებულა არცერთ პროექტზე. შეიძლება შეიცვალოს ხარისხი - მშენებლობის ხარისხი შეიცვლება უკეთესობისკენ“, - აღნიშნა ლევან ტაბიძემ.