მამაკაცი, რომელმაც იუტას შტატში 41 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, დნმ-ის ახალი ანალიზის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს

29 სექ 2026

აშშ-ში, იუტას შტატში, 71 წლის დუგლას სტიუარტ კარტერი, რომელმაც 41 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალმა დნმ-ის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ადგილზე ნაპოვნი სისხლი და დანის ტარზე არსებული გენეტიკური მასალა მას არ ეკუთვნოდა.

კარტერი 1985 წელს, ევა ოლესენის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ქალს საკუთარ სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ფიზიკური მტკიცებულებები არ არსებობდა, კარტერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აღიარებითი ჩვენებისა და ორი მოწმის საფუძველზე დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით კარტერმა განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება პოლიციის მხრიდან ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. გარდა ამისა, 2011 წელს ორივე მოწმემ აღიარა, რომ პოლიციამ მათ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულა, რის სანაცვლოდაც ფულს, საჩუქრებსა და დეპორტაციისგან დაცვას შეჰპირდნენ.

კარტერის ადვოკატები ასევე მიუთითებდნენ, რომ მოწმეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმავალი თეთრკანიანი მამაკაცი დაინახეს და გამომძიებლებმა დამალეს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლის ქმარზე მიუთითებდა.

გასულ წელს იუტას უზენაესმა სასამართლომ, გამომძიებელთა მხრიდან გადაცდომების გამო, საქმის ხელახალი განხილვა ბრძანა. დნმ-ის ექსპერტიზის ახალი პასუხების შემდეგ კი მოსამართლემ კარტერი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ამ ეტაპზე ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.

დაცვის მხარე საქმის სრულად დახურვას ითხოვს: "იუტას შტატის ნება რომ ყოფილიყო, მას 15-20 წლის წინ სიკვდილით დასჯიდნენ - მანამ, სანამ ამ გადაცდომებს აღმოვაჩენდით," - განაცხადა კარტერის ადვოკატმა.