„საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების ტექნიკების“ ოთხდღიანი ახალგაზრდული ბანაკი შემაჯამებელი პანელური შეხვედრით დასრულდა

29 სექ 2026

„საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების ტექნიკების“ ოთხდღიანი ახალგაზრდული ბანაკი შემაჯამებელი პანელური შეხვედრით დასრულდა. ბანაკში, კონკურსის წესით შერჩეული, 18-დან 29 წლამდე ასაკის 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ოთხი დღის განმავლობაში მონაწილეებმა საჯარო გამოსვლის, არგუმენტაციისა და მოლაპარაკების ხელოვნების მიმართულებით ტრენინგები გაიარეს.

ახალგაზრდებმა შეისწავლეს აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკები, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და სიმულაციების საშუალებით გაიუმჯობესეს ლიდერული და მოლაპარაკების უნარები, აიმაღლეს თავდაჯერებულობა და განივითარეს კრიტიკული აზროვნება.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

პანელური შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საჯარო გამოსვლის, აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და წარმატებული მოლაპარაკების მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.