მიშა შეშელიძე: ტელევიზიაში მსგავსი მასშტაბის ცვლილებები 25 წელია არ ყოფილა - მიღებული გამოცდილება ახალ შენობაში გადასვლისას გამოგვადგება

28 სექ 2026

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერისა და სააპარატორო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიშა შეშელიძემ, გადაცემა „შეხვედრის დრო“-ში არხის დროებით ფართობზე გადასვლის პროცესსა და ტექნიკური ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა.

მისი თქმით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება მცირე დროში მოუხდათ. შეშელიძემ აღნიშნა, რომ ტელევიზიაში მსგავსი მასშტაბის ცვლილებები ბოლო 25 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა, შესაბამისად, პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაუწყებლობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდა, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ელექტრომომარაგების სარეზერვო სისტემები, IT ქსელები, სტუდიები და დეკორაციები.

მისივე თქმით, დაგროვილი გამოცდილება გუნდს სამ წელიწადში მუდმივ შენობაში გადასვლისას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„მსგავსი მასშტაბის ცვლილებები ტელევიზიაში ბოლო 25 წელი არ ყოფილა, შესაბამისად, ამის გამოცდილება არ გვქონდა. ტექნიკურ ჯგუფს საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდა, რადგან ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია ოფისს ვერ დაკეტავ და უბრალოდ ახალ, გარემონტებულ გარემოში ვერ გადახვალ. გადასვლის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა. ავარიული მდგომარეობის გამო გადაწყვეტილების მიღება მცირე დროში მოგვიწია.

დაისახა ტექნიკური დავალება და განისაზღვრა მიმართულებები. რადგან ეს სივრცე სატელევიზიოდ არ იყო განსაზღვრული, აბსოლუტურად ყველა კომუნიკაცია, ელექტრომომარაგებიდან დაწყებული, უწყვეტი კვების გენერატორით დამთავრებული ხელახლა მოეწყო. ასობით და ათასობით მეტრი კაბელი გაიჭიმა და IT სამსახურმაც ყველა კომპიუტერული ქსელი სრულად გამართა.

ყველაზე მეტი გადასვლა საინფორმაციო სამსახურს მოუწია, ჯერ რადიოს შენობაში გადავიდნენ და იქიდან მაუწყებლობდნენ, შემდეგ კი ახალ ოფისში. ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება მაშინ, როდესაც მუდმივ საცხოვრებელ სახლში გადავალთ. პირველივე ეთერიდან მოყოლებული, შემიძლია დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი ტექნიკოსების დახმარებით ფაქტობრივად ხარვეზი არ გვქონია“, - აცხადებს პირდაპირი ეთერისა და  სააპარატორო ჯგუფის ხელმძღვანელი მიშა შეშელიძე.