იმედა თავდგირიძე: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს ეტაპობრივად ემატება როგორც შიდა, ისე გარე წარმოების ახალი გადაცემები

28 სექ 2026

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების და გავრცელების სამსახურის უფროსმა, იმედა თავდგირიძემ, გადაცემა „შეხვედრის დრო“-ში არხის განახლებულ ეთერსა და ახალ გადაცემებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მაუწყებლის ეთერს ეტაპობრივად ემატება როგორც შიდა, ისე გარე წარმოების ახალი გადაცემები. ამასთან აღნიშნა, რომ პროგრამული ბადე ოქტომბერშიც განახლდება.

“მრავალფეროვანი ეთერი გვაქვს - შიდა თუ გარე წარმოების ახალი გადაცემებია, ვერ ჩამოვთვლი, იმდენია და ოქტომბრის თვეშიც კიდევ დაგვემატება. ეთერი ეტაპობრივად ახლდება, სრული განახლება კი ზუსტად იმ სამი წლის თავზე იქნება, როცა ახალი შენობა გვექნება. ამ გარდამავალ ეტაპს თავს ვართმევთ. ეს გარდამავალი ეტაპიც არის ისეთი სეზონი, რომლითაც უკვე ვამაყობთ. მაყურებელმა უნდა გვიყუროს და შეგვაფასოს", - აცხადებს იმედა თავდგირიძე.