28 სექ 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, ირაკლი კიკვაძემ არხის ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე გადაცემა „შეხვედრის დრო“-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, ტელევიზია ამჟამად დროებით ტბელ აბუსერიძის №5-ში ფუნქციონირებს, სადაც მაუწყებლობისთვის აუცილებელი ორი სტუდია უკვე მომზადდა. ირაკლი კიკვაძის თქმით, დაახლოებით სამ წელიწადში ორგანიზაცია ლეონიძის №15-ში აშენებულ ახალ, სპეციალურად მედიასაჭიროებებზე მორგებულ შენობაში გადაინაცვლებს.
„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დროებით გადავედით ტბელ აბუსერიძის №5-ში. ტელევიზია სპეციფიკური ორგანიზაციაა, რომელსაც სჭირდება პავილიონები, სტუდიები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მოვახდინეთ შენობის ადაპტაცია და დღესდღეობით ორი სტუდია გვაქვს. ამუშავდა ყველა ის მექანიზმი, რაც ტელევიზიას სჭირდება, თუმცა ეს დროებითია, რადგან სამი წლის თავზე ალბათ, გარანტირებულად გადავალთ ახალ შენობაში, რომელიც ლეონიძის №15-ში აშენდება. ეს იქნება სრულად ადაპტირებული შენობა ტელევიზიისთვის, სადაც განთავსდება ტელევიზია, რადიო და ყველა ის უწყება, რაც ამ ორგანიზაციას სჭირდება“, - აცხადებს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ირაკლი კიკვაძე.