ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, მათგან 25 ევროპულია

28 სექ 2026

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა - დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები.

"როდესაც ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით არის დანიშნული, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირ დაკავშირება შეძლონ.

ჩვენი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ფაქტობრივად, უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს როგორც მდებარეობის, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, საჰაერო სივრცე მორგებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ რეისების მიმართულებითაც ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. მან უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.