27 სექ 2026
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ეკა გიგაური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად უნდა გამოცხადდეს, რადგან თვლიან, რომ მის მიმართ აღძრული საქმეები ან გამოტანილი განაჩენი არასამართლიანი და პოლიტიკურად მოტივირებულია.
საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნავენ, რომ ''გამჭვირვალობა საქართველო'' აგენტურული ორგანიზაციაა, რომელიც დაფინანსებას ესტონეთიდან სხვადასხვა სქემით იღებს და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთითაც მოქმედებს.
''ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათ შიდა აგენტურულ ბატალიებზე - გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეჭირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
“ნაციონალური მოძრაობაში კი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნას ლოგიკურს უწოდებენ და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციაზე ამახვილებენ ყურადღებას:
“სადაც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ტყვე, საუბრობენ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მოწამვლაზე, წამებაზე, საუბრობს Amnesty International-ი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქართული ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ გამონაკლისები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.