26 სექ 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ტურნირთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ, საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და მსგავსი ტურნირების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამინისტრო ხელს შეუწყობს ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებას. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლებს.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი, მათ შორის 39 ქართველი. მონაწილეები იასპარეზებენ 11-დან 19 წლის ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც ერთეულთა, ასევე შერეულ წყვილთა თანრიგებში.