პატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

25 სექ 2026

უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარტვილში წირვისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქვეყნის გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის, მხოლოდ ადამიანური გარჯა საკმარისი არ არის და ასევე საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა.

„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი რა არის? სიმბოლურად, რა ვენახი მოგვანდო? ეს არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა. ეს საქმე უნდა კეთდებოდეს ისე, რომ უფალმა დაინახოს კეთილი ნაყოფი ჩვენი საქმიანობიდან და ეს იქნება დიდი საქმე, თუ უმნიშვნელო საქმეც, ისე უნდა ვაკეთოთ, როგორც ღვთის წინაშე გასაკეთებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყოველთვის გვხედავს, ყველაფერი იცის და ელოდება ჩვენგან აი, ამ ნაყოფს. და ადამიანი თუ ასე იცხოვრებს, მისი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული გახდება და ის ჰპოვებს სიმშვიდეს, განსვენებას. ამაოდ კი არ უთქვამს იესო ქრისტეს, რომ თქვენი თმანიც კი დათვლილია თავზე. რას ნიშნავს ეს, რომ უფალს ისე ვუყვარვართ, რომ გვიფრთხილდება და გვიცავს, როგორც თვალის ჩინს. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ჩვენ მონდობილ, ღვთისგან მონდობილ ვენახში ვიქნებით, როგორც კეთილი მუშაკები, რომლებიც თავის დროზე მივართმევთ უფალს კეთილ ნაყოფს. აი, ამის საუკეთესო მაგალითები იყვნენ წმინდა დავით აღმაშენებელი და წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ და ვფიქრობთ მათ ღვაწლზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყოველ ჩვენგანზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას. ისინი თათბირობდნენ, აქ ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე. ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ. და ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე”,- აღნიშნა შიო მესამემ.