აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებლები გაზრდილია

25 სექ 2026

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, დასაქმების მაჩვენებლები გაზრდილია. ამასთან მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება. 

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, აქტიურად ახორციელებს დასაქმების ხელშემწყობ სერვისებსა და მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია სამუშაოს მაძიებელთა მხარდაჭერაზე, პროფესიული უნარების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტი 2,2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2026 წელს სააგენტო 9 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომლებიც მოიცავს პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, სამუშაო ადგილზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სწავლებას, ციფრული და საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას,  ასევე სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობას, თვითდასაქმების მხარდაჭერას, ასევე საერთაშორისო საზღვაო შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის მომზადებას.