განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს შეხვდნენ

24 სექ 2026

განათლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მშობლებს შეხვდნენ.

ისაუბრეს შენობის მდგომარეობაზე, სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და ჩასატარებელ სამუშაოებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მშობლებს პოზიციების დაფიქსირებისა და დასმულ შეკითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდება, რის მერეც, სასწავლო წელი იმავე შენობაში დასრულდება.

„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.