24 სექ 2026
რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური დებატების ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. ირაკლი კობახიძე ქვეყნის მიღწევებზე, მიმდინარე გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.
გამოსვლაში ხაზგასმული იქნება მშვიდობის დაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე.
მანამდე კი, ნიუ-იორკში მყოფი ქართული დელეგაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც ხვდება, ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.
„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მიმართულებით და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ასევე, ის შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.