აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გონიოში კულტურის ბანაკი გაიხსნა

24 სექ 2026

„კულტურის ბანაკი" გაიხსნა დღეს გონიოში. ბანაკი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია კულტურული ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია.

ბანაკი ძორითადად საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათისაა და მასში ძირითადად სტუდენტები მონაწილეობენ. ორგანიზატორების განმარტებით “კულტურის ბანაკი” ხელს შეუწყობს ახალგაზრდების რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში მაქსიმალურ  ჩართულობას, რაც მათ, სხვადასხვა მიმართულებით,  საკუთარი უნარების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

“კულტურული ბანაკის” მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში სიღრმისეულად გააცნობენ ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების დარგებს - მუსიკას, თეატრს, კინოს, ცეკვას და სახვით ხელოვნებას. კლასიკური მუსიკის როლსა და ახალგაზრდულ ინიციატივებზე სტუდენტებს უკვე ესაუბრა კულტურის მინისტრი. ბანაკი ელისო ბოლქვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად გახსნა. 

სოფიო ბაკურიძემ, როგორც საერთაშორისო სოციალური პროექტების ექსპერტმა, სტუდენტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა კულტურულ ცხოვრებაში ახალაგზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. ბანაკის გახსნამდე სტუმრებმა მონაწილე სტუდენტების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.