24 სექ 2026
რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური დებატების ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართავს. ირაკლი კობახიძე ქვეყნის მიღწევებზე, მიმდინარე გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ პროცესებზე გაამახვილებს ყურადღებას.
გამოსვლაში ხაზგასმული იქნება მშვიდობის დაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე. მანამდე კი, ნიუ-იორკში მყოფი ქართული დელეგაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც ხვდება, ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა.
„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას. პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად. პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.