გურამ მაჭარაშვილი: თვითმიზანი გახდა უკვე აქციაზე მისვლა, არითმეტიკაში ვარჯიშობენ, ერთადერთი ეს არის

24 სექ 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებს კიდევ ერთხელ ვრცელი განცხადებით აფასებს.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას კი  პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს  მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს.    

,,პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი გარდაიქმნა ფსევდორელიგიურ მოძრაობად და მივიღეთ რიტუალების, სიმბოლოების მქონე აგრესიული სექტა” - წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

"აქციაზე გამოდიხარ რაღაცას ითხოვ, არითმეტიკაში ვარჯიშობენ, ერთადერთი ეს არის. იქაც არ ვიცი რამდენად სწორად ითვლიან ამ დღეებს, მაგრამ უცებ რომ ჰკითხო, რა გინდა, რას ითხოვ, ვერ გეტყვის. რატომ? იმიტომ, რომ თვითმიზანი გახდა იქ [აქციაზე] მისვლა და დაფიქსირება ამ ყველაფრის, როგორც ჩანს რაღაც ინტერესების გამო. რიტუალად გადაიქცა აქციის ჩატარება. არ შეიძლება წელიწადი და ორი წელიწადი გყავდეს მხოლოდ ათეული მომხრე და გეგონოს, რომ რაღაც დიად მიზნებს ემსახურები. ამიტომაც ემსგავსება ეს არა პოლიტიკურ პროცესს, არამედ რიტუალს," - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას.