24 სექ 2026
საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, - განაცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
თამარ იოსელიანმა გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო სატრანსპორტო კავშირები და შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ამ მიმართულებით ქვეყანა ავითარებს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემას (Maritime Single Window), ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულებას და მუშაობს საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.
„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები – მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ