ირაკლი კობახიძე დღეს მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართავს

24 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართავს. ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი გზავნილები საქართველოს მიღწევებს, უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონულ მშვიდობას დაეთმობა.

მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკში უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და თურქეთის პრეზიდენტთან. 
პრემიერმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიებში და დაესწრო დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს.

გრძელდება ორმხრივი შეხვედრებიც. ქართული დელეგაცია მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მონაწილეობს და შეხვედრებს მართავს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისათვის მიღებას უმასპინძლა, რომელიც 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს კანდიდატურას მიეძღვნა. ვიცე-პრემიერმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა.