23 სექ 2026
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე კი ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო "მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" - სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, მეორე დღეა ირაკლი კობახიძე შტატებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს.
შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება.
აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.