22 სექ 2026
ნიუ-იორკი ტრადიციულად სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. მაღალი დონის გენერალური დებატები დღეს იწყება. გაეროს მაღალ ტრიბუნას გამოიყენებს საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც ნიუ იორკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება და კონფლიქტების თავიდან აცილება ეს ის საკითხებია რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში უკვე ისაუბრა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე“. შეხვდა რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერსაც.
ირაკლი კობახიძე გაეროს ასამბლეაზე სიტყვით კი 2 დღეში, 24 სექტემბერს გამოვა.
„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება იმ პრინციპების დაცვის ერთგული, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.