ლევან მახაშვილი: ბრიუსელში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება

22 სექ 2026

ბრიუსელში პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ეს არის გამორჩეული ვიზიტი. ეს არის ერთგვარი დასაწყისი იმ გზის, ყინულის ლღობის პროცესის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა. საზოგადოებამ იცის, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად არაერთი ვიზიტი გაიმართა, მათ შორის ბელგიაში, მაგრამ ამჯერად, უმაღლეს დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტი. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ბელგიასთან, ლუქსემბურგთან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიუსელთან ურთიერთობას, რადგან მეტწილად, ეს ურთიერთობები განისაზღვრება ხოლმე საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებითაც. ჩვენ იმ პრობლემატიკაზე ვისაუბრებთ, რამაც შეაფერხა და გააფუჭა საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობები. ვიხედებით წინ, ბელგიის და ლუქსემბურგის მხარეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ურთიერთობების ხელახლა აღდგენას. ჩვენ ერთმანეთს კარი არ უნდა დავუხუროთ და ვისაუბროთ იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს იმ გზას, რასაც ჰქვია სრულფასოვან ჩარჩოებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაბრუნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, არანაირი გზა, არც ერთი მიმართულებით, არ გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„ის ორგანიზებული კამპანია, რაც წარმოებს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს არის მცდელობა ახალი დაპირისპირების კერების გაჩენის კავკასიაში, მოუშუშებელი იარების და კონფლიქტის ხელოვნურად გაღრმავების მცდელობა. ასევე არის ყოვლად აღმაშფოთებელი ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა პირაპირ, თუ ირიბად დააკავშირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან.

ამაზე პოზიცია არის ძალიან მკაფიო - არანაირი გზა, არც ერთი მიმართულებით, არ გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. საერთოდაც, საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.