22 სექ 2026
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის დებატები იწყება. სესიის ფარგლებში გაეროს ტრიბუნას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოიყენებს, რომელიც აშშ-ში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე ასამბლეაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა უკვე მიიღო მონაწილეობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიერ ორგანიზებულ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“, სადაც მთავარი თემები საერთაშორისო მშვიდობა, უსაფრთხოება და კონფლიქტების თავიდან აცილება იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, პრემიერ-მინისტრმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თანამედროვე მსოფლიო კრიზისების ფონზე მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება არის ორივე სახელმწიფოს ინტერესი და შესაბამისად, გამოითქვა სურვილი, მაქსიმალურად იქნას ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება, გამოსულიყო სიტყვით და მიემართა სამიტის მონაწილეებისთვის და ესაუბრა მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.