აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

21 სექ 2026

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები კოორდინაციას უწევენ აღდგენითი ღონისძიებების მიმდინარეობას.

ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ლოკაციებზე შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან კომუნიკაციასა და საჭიროებების შესწავლას აგრძელებენ. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ქობულეთში დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვა დასრულებულია. გზების გაწმენდას კი, უკვე ორი დღეა, მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და თანამშრომლები აგრძელებენ.

ხელვაჩაურში იწმინდება დამეწყრილი გზის მონაკვეთები. ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ დაფიქსირებული 20 მიმართულებიდან, ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სტიქიით მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისიები შეაფასებენ, რის შემდეგაც დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია. რეგიონში ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული.