სალიკვიდაციო სამუშაოები ქობულეთში

20 სექ 2026

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა.

მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ციხისძირში, რკინიგზის მიმდებარედ, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარკინიგზო მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა მუშაობდნენ. უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა დაბა ჩაქვშიც. რამდენიმე საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა.

დღის განმავლობაში, რამდენიმე მისამართზე, სამაშველო ჯგუფებმა ამოტუმბვითი სამუშაოები ჩაატარეს. ჩაქვში, გოგებაშვილის მეორე შესახვევში კი, უხვი ნალექის შედეგად გზაზე მიწის მასა ჩამოწვა. ლევან დარჩიძის საკარმიდამოში ჩამოშლილმა მიწის მასამ შვიდ ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ადგილზე ტექნიკა მობილიზებულია და გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

ადგილობრივები ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საჭიროებაზე საუბრობენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ უწყება ინფორმირებულია. ამ ეტაპზე ადგილზე გზის გაწმენდა მიმდინარეობს. ტერიტორიის შესწავლისა და მდგომარეობის შეფასების შემდეგ კი საჭირო სამუშაოების დაგეგმვა დაიწყება.

მერიის ინფორმაციითვე, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს. გადაწყვეტილების შემდეგ დაზარალებულებს ზიანი შესაბამისი წესით აუნაზღაურდებათ.