19 სექ 2026
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის სხვადასხვა უბანში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა.
მიმდინარეობს დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვა და სანიაღვრე არხების გაწმენდა. უწყების ინფორმაციით, დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით, 50-მდე შეტყობინება შევიდა, რომელთა დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე ჰქონდათ. მათივე ცნობით, ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებიც.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ წვიმის შედეგად გზებზე შექმნილი ვითარების გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე მარშრუტზე ცვლილებები განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერებულია №13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება.
ქალაქის მერიის ცნობითვე, დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს. ზიანის ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება.
უხვი ნალექის შედეგად დღის განმავლობაში რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. პრობლემები შეიქმნა აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილის, აბუსერიძისა და სხვა ქუჩებზე. რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესებიც, სადაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.