მეფუტკრეთა გაერთიანების მოწოდება

19 სექ 2026

საკონსულტაციო შეხვედრა მეფუტკრე ფერმერებთან. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრაზე დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე  გაამახვილეს ყურადღება.

გაერთიანების დირექტორის ავქსენტი პაპავას თქმით, წამლობის პერიოდში აუცილებელია მეფუტკრეებთან მუდმივი კოორდინაცია და მათი ჩართულობა. აქვე მან მეფუტკრეებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად parosana.ge-ზე  დარეგისტრირებისკენ  მოუწოდა. 

მეფუტკრეებთან სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა საველე პირობებში, ერთ-ერთ საფუტკრეში პრაქტიკული მეცადინეობით გაგრძელდა, სადაც საშემოდგომო პერიოდში ფუტკრის მავნე მწერებისგან დაცვისა და ფუტკრის შხამის მიღების მექანიზმები განიხილეს.