ბინების გადაცემა დევნილებისთვის 

19 სექ 2026

თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინა გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს. 

ამ ეტაპზე, სახელმწიფომ  7  ახალ კორპუსში, ღირსეულ  პირობებში 1600 დევნილი ოჯახი განასახლა, ხოლო  4 კორპუსში   ბინები გასულ წელს განაწილდა. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, კომპლექსის ტერიტორია გამწვანდა,  მოეწყო სპორტული სტადიონები,  ბავშვთა გასართობი მოედნები და  ღია სავარჯიშო სივრცეები. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სამშენებლო, სარემონტო  და  გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ჯამურმა  ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა. თბილისის პარალელურად, დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მასშტაბური პროექტები საქართველოს 3 რეგიონში ხორციელდება. ზუგდიდში - 1700-ზე მეტი, რუსთავში - 800, ხოლო ბორჯომში 150 ბინა შენდება. 

ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის  სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

მთავრობის ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.