19 სექ 2026
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ და ეროვნულმა პრეს-კლუბმა დაგმეს პრეზიდენტ ტრამპის გეგმა სამ მსხვილ საინფორმაციო საშუალებას სი-ენ-ენს, ემ-ეს-ენ-ბი-სისა და პოლიტიკოს თეთრ სახლში საქმიანობის აკრძალვის შესახებ.
პრეზიდენტი ამ მედიასაშუალებებს „ყალბი ამბების“ გავრცელებაში ადანაშაულებს და არ გამორიცხავს, რომ ეს აკრძალვა სხვა მედიასაშუალებებზეც გავრცელდეს. როდესაც ტრამპს ჰკითხეს, რას გულისხმობდა ფრაზაში „ამას მოჰყვება სხვებიც“, მან „ყალბი ამბების“ გამავრცელებელთა შორის ნიუ-იორკ-თაიმსი და ვაშინგტონ პოსტი დაასახელა. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჯეკი ჰაინრიხმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონსტიტუცია პრესის თავისუფლებას მთავრობის ჩარევისგან იცავს.
„საქმე მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებს არ ეხება. საუბარია ამერიკელი ხალხის უფლებაზე, მიიღოს სრული და დამოუკიდებელი ინფორმაცია იმ პირის საქმიანობის, პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების შესახებ, ვინც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას იკავებს“, — ნათქვამია მის განცხადებაში.
ეროვნული პრეს-კლუბის განცხადებით, მედიასაშულებებისთვის თეთრ სახლში მუშაობის აკრძალვა იმის გამო, რომ ადმინისტრაციას არ მოსწონს მათი გაშუქების სტილი, არის აშკარა მცდელობა, გაკონტროლდეს, თუ ვის მიეცემა უფლება, დაესწროს და გააშუქოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესი.