ინტოქსიკაცია თბილისის 20 ბაგა-ბაღში

18 სექ 2026

თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე   გამოძიება  დაიწყო. სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა. ბავშვები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. 

კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები.    

გუშინ  მთელი ღამე   საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში . უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი  ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.  გამოძიების ინფორმაციით,  20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელი  და 1 აღმზრდელი სავარაუდოდ მოწამლულია.