ზურაბ პატარაძე: დღეს იწერება ჩვენი რეგიონის ახალი ისტორია, რომელსაც ბათუმის 21-ე ახალი სკოლა ჰქვია

18 სექ 2026

ახალი სასკოლო სივრცე 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოს - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ასევე მომავალ თაობაში გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელება, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

"ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. ნამდვილად, დღეს აქ იწერება ჩვენი რეგიონის ახალი ისტორია, რომელსაც ბათუმის 21-ე ახალი საჯარო სკოლა ჰქვია. 21-ე საუკუნეში ჩვენ გვაქვს ულამაზესი ახალი ინფრასტრუქტურა. ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი ულამაზესი სკოლა, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ბავშვებისთვის გამართული ინფრასტრუქტურა, 1400 ბავშვზე გათვლილი ადაპტირებული სივრცე, სადაც არის უსაფრთხო გარემო. ზოგადად, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მიხედვა და გრძელვადიანი ინვესტიცია ჩვენს მომავალ თაობაში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.