17 სექ 2026
ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის დარჩენილ მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება. 47-კილომეტრიანი გზის 44 კილომეტრზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია. დარჩენილ სამ კილომეტრზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
პარალელურად, მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო კი დაახლოებით საათ-ნახევრით შემცირდება.
რეგიონში ასევე მიმდინარეობს ბათუმი-ახალციხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ზომლეთი-ხიხაძირის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს მაღალმთიან აჭარაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ.
შეხვედრაზე აჭარაში დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი საგზაო პროექტებიც განიხილეს, მათ შორის ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც 11 კილომეტრზე მეტი სიგრძის იქნება და დაახლოებით 8-კილომეტრიან გვირაბს მოიცავს.