17 სექ 2026
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს თბილისი უმასპინძლებს. გუშინ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგნენ ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი.
საფორტეპიანო დუეტის კონცერტზე კლასიკური მუსიკის შედევრები შესრულდა. მაყურებელსა და მსმენელს ლიანა ისაკაძისადმი მიძღვნილი ფილმის ნახვის საშუალებაც ჰქონდა.
დღეს ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაგრძელდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.
სოლისტები იქნებიან ცნობილი ფინელი ჩელისტი იან-ერიკ გუსტავსონი და ესტონელი მევიოლინე ანა-ლიზა ბეზროდნი. ისინი ბრამსისა და სენ-სანსის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
ფესტივალი საზეიმოდ ბორჯომში გაიხსნა და შემდეგ ბათუმში გაგრძელდა.