17 სექ 2026
ავსტრალია სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტონი ბერკის განცხადებით, უცხოელ სტუდენტებს სწავლის პერიოდში პარტნიორებისა და შვილების ავსტრალიაში წაყვანა აეკრძალებათ.
ვიზიტორის ყველა ვიზას დაემატება პირობა „დარჩენის უფლების გარეშე“, რაც ვიზის მფლობელებს ავსტრალიაში დარჩენას აუკრძალავს.
უცხოელ სტუდენტებს სტუდენტური ვიზის განახლების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ ისინი კვალიფიკაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადავლენ. გადაწყვეტილება მიგრაციის მაღალ დონესთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების ფონზე მიიღეს.
მოსალოდნელია, რომ რეფორმების შედეგად წლიური წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 300 ათასს შეადგენს, 2028 წლისთვის 225 ათასამდე შემცირდება. ეს პანდემიამდელ დონესთან მიახლოებული მაჩვენებელი იქნება.