16 სექ 2026
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BIAFF წელს მეოცედ გაიმართება. ფესტივალი 19-26 სექტემბერს ჩატარდება და ბათუმის ოთხ სხვადასხვა სივრცეში 200-ზე მეტი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
BIAFF 19 სექტემბერს ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის „გურია“ ჩვენებით გაიხსნება.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი, რომელსაც კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცემა.
ფესტივალის პროგრამაშია სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსები, „დიდოსტატთა კოლექცია“, „მუსიკა კინოში“, არასაკონკურსო ჩვენებები, ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ნამუშევრები და საბავშვო პროგრამა. წელს პირველად ნორჩი მაყურებლისთვის აღდგენილი ქართული ანიმაციების ჩვენებებიც გაიმართება.
წელს პირველად კინოჩვენებები ზღვის სანაპიროზეც გაიმართება.
საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის ბრიტანელი პროდიუსერი კრისტიან ბაუტე უხელმძღვანელებს, ხოლო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის - პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი რაფაელ კაპელინსკი. წელს ფესტივალს ორი ახალი ჟიურიც დაემატება - ქართველ კინოკრიტიკოსთა და ახალგაზრდული ჟიური.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური რჩეულ ფილმს ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზს გადასცემს, ხოლო ახალგაზრდული ჟიური გამარჯვებულ ფილმს გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზით დააჯილდოებს.
22 სექტემბერს მუშაობას დაიწყებს ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა“, რომელიც ქართველი კინემატოგრაფისტების რვა პროექტს უმასპინძლებს.
საიუბილეო BIAFF-ის ფარგლებში შეიქმნება ფესტივალის ხეივანი (BIAFF ALLEY), სადაც საპატიო სტუმრები ხეებს დარგავენ. ფესტივალის სამუშაო სივრცე კი სასტუმრო Le Méridien Batumi იქნება, სადაც პრესკონფერენციები, მასტერკლასები, პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო სტუმრების შეხვედრები გაიმართება.
ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. სპეციალური ჯილდოები კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანელ პროდიუსერ მაიკ დაუნისა და ქართველ რეჟისორ თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.