16 სექ 2026
გიორგი მამარდაშვილმა ახალ სეზონში „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ინგლისის ლიგის თასის მესამე ეტაპზე მისი გუნდი „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა, მეტოქე 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ლივერპულის“ ქართველმა მეკარემ არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში გამოიჩინა თავი და გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ „სოფასქორმა“ 25 წლის მამარდაშვილის თამაში 7.5 ქულით შეაფასა. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ „ლივერპულის“ გოლების ავტორებმა ალექსის მაკ ალისტერმა და კოდი გაკპომ მიიღეს.
„ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, პრემიერ ლიგის ეგიდით, სტუმრად „ბორნმუთის“ წინააღმდეგ გამართავს.