14 სექ 2026
ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღების პრობლემაზე „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციამ ისაუბრა. პარტიის ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი 40 მუნიციპალური საბავშვო ბაღიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სააღმზრდელო პროცესი 9 ბაღში კვლავ შეჩერებულია. პარტიის მტკიცებით, მიზეზად წლების განმავლობაში გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება. „ლელოში“ აცხადებენ, რომ პრობლემურია როგორც ძველი, ისე რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებული და ახალაშენებული ბაღების მდგომარეობა. მათ შორის ასახელებენ თამარის დასახლებაში მდებარე 34-ე ბაღს, რომელიც მათი განმარტებით, 2018 წელს გაიხსნა და შვიდი წლის შემდეგ, შენობის ავარიულობის გამო, დაიხურა.
პარტიის წარმომადგენელი საკრებულოში, ბათუმის მერიას თანხების ხარჯვის ეფექტიანობისა და ბაღების რეაბილიტაციის პროცესზე პასუხისმგებლობის საკითხის განმარტებას სთხოვს.
ვაჟა დარჩიას ბრალდებებს ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ. დალი ფუტკარაძის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორგანიზებულად დაიწყო. წელს ბაღებში 2 500-მდე ახალი აღსაზრდელი ჩაირიცხა და ჯამში მათი რაოდენობა 7 ათას 760-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბაღები უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით, კვებით, ჰიგიენური საშუალებებითა და უსაფრთხო გარემოთი.
მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგიც. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, წელს ბათუმს სამი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა, უახლოეს პერიოდში კი კიდევ ექვსის გახსნა იგეგმება.