11 სექ 2026
ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხის განცხადებით, ხუთშაბათს ქალაქ ცინდაოში მდებარე სახელმწიფო გემთსაშენ საწარმოში უცხოურ სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გემზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, ხანძარი დილის 11:15 საათზე გაჩნდა. გემზე მყოფი 42 ადამიანიდან 12 უსაფრთხოდ გამოიყვანეს, ხუთი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი 5 საათის შემდეგ ჩააქრეს.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების გააქტიურება, ოპერატიული გამოძიების უზრუნველყოფა და სამართლებრივი ზომების გატარება მოითხოვა.