10 სექ 2026
ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჩვენებას კინოინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და თავად კინოფესტივალის დირექტორი, ალბერტო ბარბერაც დაესწრო.
კინოსურათი „გურია“ - Venice Spotlight-ის სექციაშია წარმოდგენილი, რომელიც აერთიანებს მხატვრული ხედვით გამორჩეულ ნამუშევრებს. ამ სექციაში წელს მხოლოდ რვა ფილმია წარმოდგენილი. „გურია“ შვიდი ქვეყნის - საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის კოპროდუქციაა.
პრემიერის პარალელურად, ვენეციაში პრესისთვის ფილმის სპეციალური ჩვენება და ქართული მიღება მოეწყო, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფილმის საერთაშორისო გაყიდვებზე ერთ-ერთი მსხვილი ფრანგული კომპანია იზრუნებს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის „გურიას“ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.