10 სექ 2026
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის დაარსების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციებში ჩართული ჯარისკაცები შეაქო-ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ფხენიანის პარლამენტში გამოსვლისას კიმმა მადლობა გადაუხადა მშრომელებსა და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინაშე შეტანილი წვლილისთვის და განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მეთაურებისა და ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც „ჩართულნი არიან საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში“, სავარაუდოდ, გულისხმობდა ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდნენ. დასავლელი და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ 2024 წლის ბოლოდან რუსეთის ძალებთან ერთად საბრძოლველად დაახლოებით 14-დან 15 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჯარისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის სანაცვლოდ, ფხენიანმა მოსკოვისგან ეკონომიკური და სამხედრო ტექნოლოგიების დახმარება მიიღო.