ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება

09 სექ 2026

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დღეს ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის-ფესტივალის Venice Spotlight სექციაში,  მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული.

„გურია“ 118-წუთიანი, შავ-თეთრი ტრაგიკომედიაა, რომელიც მაყურებელს 1990-იანი წლების დასაწყისის გურიაში აბრუნებს -დროში, როდესაც უშუქობა, სიღარიბე და კრიმინალი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ადამიანები მაინც ახერხებდნენ სიყვარულს, მეგობრობას, სიმღერას, სიცილსა და ოცნებას.ფილმი მოგვითხრობს ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც რთულ პირობებში, საკუთარი სისუსტეებისა და შეცდომების მიუხედავად, ადამიანობის შენარჩუნებას ახერხებენ.

„გურია“ საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის შვიდი ქვეყნის საერთაშორისო თანაწარმოებაა. ფილმის სცენარის ავტორები არიან ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე.

ფილმის შექმნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.ფილმის მსოფლიო პრემიერის პარალელურად ვენეციაში დაგეგმილია ქართული მიღება, სპეციალური ჩვენება პრესისთვის და ფილმისა და საქართველოს პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის „გურიას“ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს — „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.