საერთაშორისო  საზღვაო  ფორუმი

08 სექ 2026

,, სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს’’- ამ სლოგანით იყო წარმოდგენილი წელს  რეგიონის მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა , რომელიც საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებს აერთიანებდა. საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმმა საერთაშორისო  საზღვაო და სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ბათუმში ორი დღის განმავლობაში  გააერთიანა. 

ფორუმის მეორე დღე ორ სადიაკუსიო პანელს  დაეთმო. შეხვედრაზე  მონაწილეებმა საზღვაო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე,  ერთიან საზღვაო ფანჯარაზე, ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემებსა და მონაცემთა მდგრადობაზე იმსჯელეს. ასევე  მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებს.  ამ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, შუა დერეფნის კონტექსტში  საქართველო შეუცვლელი პარტნიორია. თამარ იოსელიანმა მთავრობის 10 წლიან გეგმაზე ისაუბრა, მაშ შორის იმ პროექტებზე, რომელიც მისივე განმარტებით, არსებულ სატრანსპორტო  სისტემას  გააუმჯობესებს  და გამტარუნარიანობას გააორმაგებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის  ივანე აბაშიძის თქმით,  საქართველო საზღვაო სივრცეში  21 000 მეზღვაურითაა წარმოდგენილი.  მისივე ინფორმაციით,  საზღვაო სექტორის  ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში სახელმწიფოს პოზიტიური  შედეგები აქვს.  

საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და მისი მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.