ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

06 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.

ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ყველა პირველკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, დარგოს საკუთარი ნერგი და ჩაერთოს მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში.

როგორც პრემიერის განკარგულებაშია ნათქვამი, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ მიზანია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის ზრდის მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგარდი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას. ასევე, პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები.

ამასთან, როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, გარემო პირობების, კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით მოხდება ნერგების სახეობების შერჩევა და განისაზღვრება დარგვის ოპტიმალური პერიოდები/ვადები.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე სივრცეების ზრდას; ჰაერის ხარისხისა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ნიადაგის დეგრადაციის პრევენციას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნების მიმართ ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი, მის მიერ განსაზღვრული უწყების საშუალებით; უზრუნველყოფს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შორის, ნერგების შესყიდვასა და ტრანსპორტირებას იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან; პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვას/განხორციელებას; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს; უზრუნველყოფს პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს პირველკლასელთა ჩართულობას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, მათ შორის, მათი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიებს, სადაც განხორციელდება ნერგების დარგვა; უზრუნველყოფენ ნერგების დარგვისათვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელებას; უზრუნველყოფენ ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია განკარგულებაში.