გერმანიაში ორი მაღალი ძაბვის ქვესადგურის სიახლოვეს, სამართალდამცველებმა 12 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

06 სექ 2026

გერმანიაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის სერიას იძიებენ - საქსონიაში, ორი მაღალი ძაბვის ქვესადგურის სიახლოვეს, სამართალდამცველებმა 12 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, მოწყობილობები ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და მოკლე ჩართვის გამოწვევისთვის იყო განკუთვნილი. მსგავსი თავდასხმები მანამდეც დაფიქსირდა. საქმეზე პოლიცია 48 წლის მამაკაცს ეძებს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებებიც აღმოაჩინეს.

 ეჭვმიტანილმა რამდენიმე მედიასაშუალებას გაუგზავნა წერილები, რომლებშიც თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და მოტივად წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე „კლიმატურ ექსტრემიზმზე“ საუბრობს, თუმცა სამართალდამცველები ჯერ არ ადასტურებენ, რომ წერილების ავტორი ყველა თავდასხმის უშუალო შემსრულებელია. გამოძიება უცხო სახელმწიფოს მიერ მართული საბოტაჟის ვერსიაზეც მუშაობს.