05 სექ 2026
ბათუმში "გემოფესტი დაიწყო. დღეს და ხვალ ძველ ბულვარში, კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" სტუმრებს 15:00 საათიდან ღამის 12 საათამდე უმსაპინძლებს. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია 16 კომპანია, მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.
"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.
ფესტივალში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ. დღეს კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. მოწვეულია Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი. ფესტივალი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.