04 სექ 2026
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას დაკავებულიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული.
დაცვის მხარე სასამართლოს 20 000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა პატიმრობის მოტივად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.
თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მიერ დასახელებული საფრთხეები თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელიზბარაშვილი შეიარაღებული დაბრუნდა მომხდარი კონფლიქტის ადგილზე, დაცვის მხარე აღნიშნულს არ იზიარებს. ადვოკატის მტკიცებით, თამაზ ელიზბარაშვილს იარაღი არ ჰქონია, „ხოლო ხელი გულის მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წაიღო".
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.
უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.