5-6 სექტემბერს ბათუმში გემოფესტი გაიმართება

03 სექ 2026

5-6 სექტემბერს, ბათუმში, ძველ ბულვარში, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა.